ცხრა მთას იქით (tatsson.log.ge)) » File.Pirveli.Ge
 
» » ცხრა მთას იქით (tatsson.log.ge))
ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 4158
  • ავტორი: admin
  • თარიღი: 12 ნოემბერი 2010
12 ნოემბერი 2010

ცხრა მთას იქით (tatsson.log.ge))

კატეგორია: ლიტერატურა

ცხრა მთას იქით (tatsson.log.ge))


დიდ ქალაქში ცხოვრობდა, გარეგნულად სხვებისგან არაფრით განსხვავდებოდა. დანარჩენებივით ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი თავი ჰქონდა, სხვებივით საქმიანობდა, მიდიოდა, მოდიოდა, ფუსფუსებდა, სხვებივით გრძნობდა და განიცდიდა, მაგრამ სხვებზე მეტს ხედავდა.

ხედავდა როგორ იკარგებოდა ადამიანებში სულიერება და გულის ხმა, როგორ იკიდებდა მათ შორის ფეხს ეგოიზმი, გაუტანლობა და დაუნდობლობა, კაცები და ქალები საკუთარ ნაჭუჭებში იკეტებოდნენ, ყველასა და ყველაფრის მიმართ გულგრილნი ხდებოდნენ, მხოლოდ საკუთარ მცირედ, ნივთიერ ბედნიერებაზე ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ, ყველანი ერთნაირ, დაშტამპულ არსებებად იქცეოდნენ და მათი საცხოვრებელი გარემო დიდ უხილავ და უსულგულო მონსტრად ფორმირდებოდა.გაქრა ინდივიდი, ყველა რაღაცის შემადგენელი ნაწილი გახდა, ეს რაღაც ცივილიზაცია იყო, იქმნებოდა, იზრდებოდა და ვითარდებოდა, მაგრამ არავინ იცოდა ვისთვის და რატომ იქმნებოდა ეს ცივილიზაცია, მოქმედებებს მექანიკურად ასრულებდნენ, ღვთისაგან ბოძებული სალაღე და სიცოცხლით ტკბობის უნარი დაკარგეს. პიროვნებები აღარ არსებობდნენ, კაცები და ქალები საშუალო სტატისტიკური ადამიანები გახდნენ, რომლებიც ირგვლივ არსებულ სიცოცხლეს, სიკეთეს, სილამაზეს ვეღარ ხედავენ და აღარც აინტერესებთ.

ადამიანის ზომბირებას ვერ შეეგუა, მისთვის მექანიკური, სწორხაზოვანი არსებობა აუტანელი იყო. სცადა რამე შეეცვალა, ქადაგება დაიწყო _ არავინ მოუსმინა, სიკეთის კეთება _ არავინ დაუფასა, ერთიორჯერ გარშემომყოფებს, სადამდეც ხმა მიაწვდინა ხმამაღლა და აგრესიულადაც შეუძახა გამოფხიზლდით და გონს მოდითო _ იმათ უფრო ხმამაღლა შემოსძახეს, შენთვის არ გვცალია, დაეტიე სადაც ხარ, ხელს და ნერვებს ნუ გვიშლიო. გული ატკინეს, შეურაცხჰყვეს და გააჩუმეს.

არსებული სიმახინჯეები ვერ აიტანაა და გაეცალა, უნდოდა ეპოვა ადამიანები რომელთაც ბუნებასთან, ღმერთთან, საკუთარ პიროვნებასთან კავშირი, სიჯანსაღე, სისადავე და ჯანმრთელობა ჯერ არ დაჰკარგვოდატ, მაგრამ სადც წავიდა ყველგან ცივილიზაციის პროგრესი და ტექნოკრატიული ბუმი დახვდა, ყველგან გამალებული აშენებდნენ რაღაც წყობას: კაპიტალიზმს, სოციალისმს, მონარქიას, დემოკრატიას, სული და გონიერება კი არსად ჩანდა.იმედს არ კარგავდა, ძიებას განაგრძობდა, მიდიოდა დღისით და ღამით, დარში და ავდარში, ზამთარში, ზაფხულში, ფეხით, ურმით და ვირით...ბევრი იარა, ცხრა ზღვა, ცხრა მთა და ცხრა ბარი გადაიარა, ბოლოს კი ერთ საოცარ ადგილს მიადგა:

უკიდეგანო სივრცეში მწვერვალები წამომართულიყვნენ, წრე შეეკრათ, დინჯად იდგნენ და კალთებდათოვლილნი, საკუთარი სილამაზით გაამაყებულნი, მზეს შესცქეროდნენ, თავმომწონედ უსწორებდნენ მნათობს თვალს. მათ ძირში ზღვა ლივლივებდა და იდუმალი ხმაურით ავსებდა გოლიათთა მდუმარე სამყოფელს. ადამიანებს ჰგავდნენ, რომლებიც თითქოს საბჭოდ შეკრებილიყვნენ და გულისყურით, ბრძნული სიდარბაისლით უსმენდნენ მშფოთვარე მთხრობელს, რომელსაც მონდომებით მოჰქონდა თავისი ტალღებით ამბები მთელი ქვეყნიდან.

მთებს შორის ველებსა და მათ კალთებზე, უჩვეულოდ კოხტა, სადა და ლამაზი, ადამიანთა საცხოვრისი გაეშენებინათ, ქვეყანა რომლის მკვიდრნი ლამაზები არიან, ერთმანეთს უღიმიან, უფრთხილდებიან, ეფერებიან და ლოცავენ, გამარჯვებასა და სიხარულს უსურვებენ. ჭირსა და ლხინში ერთად არიან, ერთად შრომობენ, ერთად ისვენებენ, მაგრამ არცერთი მათგანი არ კარგავს საკუთარ სახეს, ყოველ მათგანს აქვს სხვებისგან გამორჩეული ხასიათი, ქცევა, თვისებები და ხასიათი.

საოცარი ტრადიციები აქვთ, სულ მღერიან. უმღერიან ერთმანეთს, შვილებს, მშობლებს, წინაპრებს, მზეს, მთვარეს, დედამიწას, სიყვარულს, გმირებს, მთას, ზღვას და ვენახს, უფალს სიმღერით შესთხოვენ და ერთმანეთს სამძიმარსაც კი სიმღერით ეუბნებიან.

კაცები ამ ქვეყანაში გარემომცველი მთებივით მაღლები და ზომიერად მკაცრები იყვნენ, შინაგანად გრძნობდნენ ცხოვრების უფლისმიერ რიტმს, არასოდეს არაფერს არაQაჭარბებდნენ _ არც აკლებდნენ. ქალის დაფასება და პატივისცემა მათი ცხოვრების წესი იყო. ეს უკანასკნელიც უფასებდნენ ამაგს, ჯიშიანებსა და ჯანმრთელებს, სილამაზე, რომანტიზმი და სიხარული შეჰქონდათ თავისი მფარველი მთაკაცების დინჯ ყოფაში...

მოიხიბლა. რიდი და პატივისცემა გაუჩნდა ამ ხალხის მიმართ, მათ ხომ სიყვარულიც ყველასგან განსხვავებული იცოდნენ: უხმოდ, ერთი ნახვით უყვარდებოდათ და გრძნობას სიცოცხლის ბოლომდე გულით ატარებდნენ, ან რად უნდოდათ ზედმეტი სიტყვები, მათ ჯანსაღ სხეულებს ჯანსაღი სულები ფლობდნენ და ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ...

სიყვარულს ცეკვით ამხელდნენ, მათი ცეკვა ერთდროულად დინჯი, ლაღი, შემართული, ნაზი, ენერგიული, ემოდიური, მიწიერი და კოსმიური მოძრაობის განსახიერება იყო. ეს იყო ერთგვარი ლოცვა ბუნების, მიწის, ღვთაების, ადამიანური არსისათვის და ადამიანებს მისი ჰარმონია თავისთავად, გენეტიკურად ჰქონდათ სხეულებში გამჯდარი...

აღფრთოვანებული დაბრუნდა ცხრა მთას აქეთ, უნდოდა ყველასათვის ეამბნა სრულყოფილი ადამიანების ამბავი, ეგონა გაუხარდებოდათ და დაიჯერებდნენ რომ ბედნიერება არსებობს, რომ შესაძლებელია რაღაც გაუგებარისა და რთულის შექმნის გარეშე ჯანსაღად და ბედნიერად ცხოვრება.

მივიდა პირველსავე ქალაქში და დაიწყო მოყოლა, უხსნიდა ქალებსა და კაცებს, საშუალო სტატისტიკურ არსებებს, თუ როგორ ცხოვრობდნენ სულენარჩუნებული ადამიანები ცხრა მთას იქით და როგორი იყო ფასეულობათა სწორი საზომი.

თავიდან არავინ დაუჯერა, დასცინეს, მაგრამ იმდენი ილაპარაკა, რომ ბოლოს რაღაც კომისია გამოყვეს და სიმართლის დასადგენად ცხრა მთას იქით გაგზავნეს.

მივიდნენ საშუალო სტატისტიკური ქალები და კაცები მთებს შორის, ველებსა და მთის კალთებზე გაშენებულ ქვეყანაში. ნახეს რომ იქ ჯანსაღი ადამიანების გარდა, ჯანსაღი ბუნებრივი პირობები, სიმდიდრე და უამრავი წიაღისეულია, რომელიც ცივილიზაციის მშენებლობისათვის გამოადგებოდათ. გაიყვანეს მოასფალტებული გზა, იწყეს მიმოსვლა ცხრა მთის იქითა ქვეყანაში, გახსნეს წარმომადგენლობები, მოჰქონდათ იქიდან სიმდიდრე და წიაღისეული, ისვენებდნენ, ერთობოდნენ და მხიარულობდნენ სტუმართმოყვარე, სადა ადამიანებთან ერთად.

ცოტა ხანში საშუალო სტატისტიკურ ქალებსა და კაცებს ცივილიზაციის კომფორტი მოენატრათ და იწყეს ამ კომფორტის შესაქმნელად მთის კალთებსა და ველებზე გაშენებულ ქვეყანაში სხვადასხვა ტექნოლოგიური მიღწევებისა და ფუფუნების საგნების შეტანა...



ტატო

2003 წელი აგვისტო
ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული.
გირჩევთდარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

კომენტარების დამატება

Имя:*
E-Mail:
Комментарий:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
Введите код: *
კოდის განახლება

არქივი

აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (8)
თებერვალი 2017 (5)
იანვარი 2017 (8)
დეკემბერი 2016 (6)
ნოემბერი 2016 (6)
^